date

2024-06-21

 ერთ-ერთი კომპანიის მიერ ე. წ „Gif“-ის ფორმატის გამოსახულებების გასაჯაროების კანონიერება


სამსახურმა გეგმურად შეისწავლა ერთ-ერთი კომპანიის მიერ ფიზიკური პირების ამსახველი ე. წ „Gif“-ის ფორმატის გამოსახულებების გასაჯაროების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ კომპანია დამკვეთთან არსებული გარიგების საფუძველზე, დამკვეთის მიერ განსაზღვრული ადგილითა და პირობებით, უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას, რაც მოიცავს დამკვეთის ღონისძიებაზე შესაბამისი მოწყობილობების გამოყენებით ე. წ. „Gif“-ის ფორმატის გამოსახულებების გადაღების დაორგანიზებას და ვებგვერდზე გასაჯაროებას.

შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული გამოსახულებების შემცველი საქაღალდეების უდიდესი ნაწილი შესაბამისი პაროლით არ იყო დაცული და ნებისმიერ პირს შეეძლო მათზე წვდომა; ფიზიკური პირების ამსახველი გამოსახულებების ვებგვერდზე გასაჯაროების სამართლებრივ საფუძვლად კი კომპანია მიუთითებდა მონაცემთა სუბიექტის თანხმობასა და გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მონაცემების დამუშავების აუცილებლობაზე. კომპანია მონაცემთა სუბიექტის თანხმობად მიიჩნევდა პირის მიერ გამოსახულების გადაღების შემდეგ დადასტურების (მწვანე) ღილაკის მონიშვნას შესაბამის მოწყობილობაზე; თუმცა ამავე მოწყობილობის ეკრანზე არსებული გამოსახულება არ შეიცავდა ინფორმაციას მონაცემების ვებგვერდზე გასაჯაროებისა და აღნიშნულის მიზნის თაობაზე. ამასთან, კომპანიის განმარტებით, დამკვეთსა და კომპანიას შორის არსებული გარიგებით, კომპანია იღებდა მომსახურების გაწევის ვალდებულებას, რაც გულისხმობდა დამკვეთის ღონისძიებაზე გამოსახულებების გადასაღები ტაბლეტების განთავსებასა და გადაღებული გამოსახულებების ვებგვერდზე გასაჯაროებას. აღსანიშნავია, რომ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მხარე თავად მონაცემთა სუბიექტია. დასახელებული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისთვის აუცილებელია გარიგება თავად მონაცემთა სუბიექტთან იყოს დადებული; მოცემულ შემთხვევაში კი კომპანიასთან დადებული გარიგების მხარეს ყოველთვის არ წარმოადგენდა მონაცემთა სუბიექტი. შესაბამისად, სამსახურმა არ გაიზიარა კომპანიის პოზიცია და მიიჩნია, რომ ვებგვერდზე გამოსახულებები განთავსებული იყო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

სამსახურმა შემოწმების ფარგლებში აგრეთვე დაადგინა, რომ მონაცემთა სუბიექტების ინფორმირება არ ხდებოდა კანონის მოთხოვნათა დაცვით (მაგალითად, მას არ მიეწოდებოდა ინფორმაცია მონაცემების დამუშავების კონკრეტული მიზნების, საფუძვლების შესახებ და სხვა). ვებგვერდზე გასაჯაროებული გამოსახულებები იქმნებოდა უშუალოდ მონაცემთა სუბიექტის გადაღების გზით და, შესაბამისად, გროვდებოდა სუბიექტისგან, რა დროსაც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმირების ვალდებულება. მონაცემთა სუბიექტის სათანადო ინფორმირების გარეშე ვერ მიიღწევა მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობა, რის გარეშეც შეუძლებელია სამართლიანი და მონაცემთა სუბიექტისთვის განჭვრეტადი მონაცემთა დამუშავების პროცესის უზრუნველყოფა.

სამსახურის გადაწყვეტილებით, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, მათ შორის – კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, და დაევალა შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა.

მსგავსი გადაწყვეტილებები