. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-10-31
სამსახურის მიერ გეგმურად შესწავლილ მონაცემთა დამუშავებისას არაერთხელ გამოიკვეთა მონაცემთა დამუშავების პროცესში უფლებამოსილი პირის მონაწილეობის შემთხვევა. მათ შორის ერთ-ერთი სკოლის შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სკოლა მოსწავლეთა დასწრებისა და აკადემიური მოსწრების აღრიცხვის მიზნით იყენებდა ელექტრონულ ჟურნალს, რომელიც მას დროებით სარგებლობაში გადაეცა სისტემის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის (შემდგომში ― კომპანია) მიერ. საქმიანობის გამართულად წარმართვის უზრუნველსაყოფად კომპანია სკოლას უწევდა ელექტრონული ჟურნალის ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც მათ შორის მოიცავდა ელექტრონულ ჟურნალში დაცული მონაცემების ე. წ. „რეპორტის“ სახით ამოღებას. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სკოლასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება არეგულირებდა მომსახურების გაწევის საკითხს და შინაარსობრივად მოიცავდა მონაცემების დამუშავების დავალებასაც. ამასთან, ხელშეკრულება მონაცემთა უსაფრთხოებასთან მიმართებით ითვალისწინებდა მხოლოდ მხარეთა მიერ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებას, თუმცა არ შეიცავდა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ წესებსა და აკრძალვებზე მითითებას. კერძოდ, ხსენებული მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არ ითვალისწინებდა მონაცემთა დამუშავების საფუძვლებსა და მიზნებს, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიებს, მონაცემთა დამუშავების ვადას და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებებსა და ვალდებულებებს. მართალია, ხელშეკრულება დადებული იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონის მოქმედების პერიოდში, თუმცა ნიშანდობლივია, რომ იგი არ შეესაბამებოდა ამავე კანონის 2011 წლის 28 დეკემბრის რედაქციის მოთხოვნებსაც (მაგალითად, დასახელებული კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის თანახმად, უფლებამოსილ პირთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მონაცემთა უსაფრთხოებისათვის ზომების მიღების ვალდებულება). აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლას დაევალა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან დადებული ხელშეკრულების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა.
გეგმური შემოწმებების ფარგლებში ასევე გამოიკვეთა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები მონაცემთა დამუშავების პროცესში სარგებლობდნენ ქვეკონტრაქტორი პირების27 მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მესამე პირისთვის თავისი უფლება-მოვალეობების სრულად ან ნაწილობრივ გადაცემას ითვალისწინებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისგან განსხვავებით, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი წარმოადგენს სუბიექტს, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს. ზემოხსენებული ნორმის თანახმად, სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება მონაცემთა დამუშავების უფლების სხვა პირისთვის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. ხსენებული უფლების მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მინიჭება იმ გარემოებითაცაა განპირობებული, რომ, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა — მონაცემები მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს. აღნიშნული პასუხისმგებლობის ჯეროვნად შესრულებისთვის კანონმდებლობა სავალდებულოდ მიიჩნევს მონაცემთა დამუშავების პროცესები ხორციელდებოდეს მისთვის გამჭვირვალედ, მასთან შეთანხმებული ფორმით, მისი დავალებების შესაბამისად და (გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა) მის მიერ შერჩეული სუბიექტების მიერ. ნიშანდობლივია, რომ არაერთი შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა შემთხვევა, როდესაც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა ქვეკონტრაქტორი პირისთვის გადაცემისას თანხმობის აუცილებლობის საკითხი დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით იყო მოწესრიგებული, თუმცა შეთანხმება აქცენტს არ აკეთებდა თანხმობის წერილობითი ფორმით არსებობის საჭიროებაზე. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევებში სამსახურის მიერ მხარეებს დაევალათ ხელშეკრულებაში დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ უფლებამოსილებების სხვა პირებისთვის გადაცემისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის აუცილებლობის საკითხის გათვალისწინება.