date

2023-12-15

ერთ-ერთ სკოლაში ბავშვის მონაცემების ადვოკატისთვის გამჟღავნება


ბავშვების უფლებების სათანადოდ რეალიზებაში განსაკუთრებული როლი ბავშვზე
მზრუნველ პირებს, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ.
აღნიშნული დაწესებულებები, როგორც ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილე
სუბიექტები, ვალდებულნი არიან, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბავშვის
ინტერესების ჯეროვნად დაცვის საკითხს და ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი
ინფორმაციის დამუშავების თითოეული შემთხვევისას, მით უფრო, მონაცემების მესამე
პირისთვის გადაცემისას, სათანადო მტკიცებულებების შეჯერების და ბავშვის საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინების გზით, საფუძვლიანად შეისწავლონ მონაცემთა
დამუშავების კანონიერება და მიზანშეწონილობა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურმა ხაშურის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიერ არასრულწლოვნის მონაცემების
უკანონო გამჟღავნების ფაქტები გამოავლინა.


განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ ხაშურის რაიონულ
სასამართლოში მიმდინარეობდა არასრულწლოვნის სარჩელის განხილვა, მეზობელი
მიწის ნაკვეთიდან მომდინარე დაუშვებელი ხელყოფის აღკვეთის მოთხოვნით, ხოლო
მოთხოვნის განმსაზღვრელ ერთ-ერთ გარემოებად მითითებული იყო, რომ ბავშვი
სწავლობდა ხაშურის შესაბამის საჯარო სკოლაში და სარჩელს მტკიცებულებად ერთვოდა
შესაბამისი ცნობა. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, დავის მოპასუხე მხარის
წარმომადგენელმა სკოლიდან გამოითხოვა არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია
ოფიციალური განცხადებით, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ტიტულოვან
ფურცელზე იყო შესრულებული, თუმცა მინდობილობა არ ერთვოდა. მიმართვით
პირი ითხოვდა არასრულწლოვნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის
და სხვა სკოლაში გადასვლის შესახებ ინფორმაციას მისი სასამართლოში წარდგენის
მიზნით. სკოლამ გამოთხოვილი ინფორმაცია განცხადების ავტორზე გასცა ისე, რომ
ხსენებულთან დაკავშირებით არ მოუპოვებია არასრულწლოვნის ან/და მისი კანონიერი
წარმომადგენლების თანხმობა.


სამსახურმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული წერილით სკოლამ არასრულწლოვნის
მონაცემები არა სასამართლოს, არამედ სასამართლო დავაში მონაწილე ერთ-ერთი მხარის
წარმომადგენელს გადასცა. ამასთან, სკოლა სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა
და, მიმდინარე სამართალწარმოებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წერილის
სასამართლოში წარდგენის ან/და რომელიმე მხარისთვის გადაცემის საკუთარი ინტერესი
ან/და სასამართლოს დავალება არ ჰქონია. შესაბამისად, სკოლამ ბავშვის პერსონალური
მონაცემების გამჟღავნებასთან მიმართებით საკუთარ ინტერესსა და ლეგიტიმურ მიზანზე
ვერ მიუთითა და ისე გაამჟღავნა არასრულწლოვანი განმცხადებლის მონაცემები, რომ
მისთვის უცნობი იყო კონკრეტული სამართლებრივი დავის დანამდვილებით არსებობის
ფაქტი. ამდენად, ბავშვის მონაცემების გამჟღავნებამდე სკოლის ხელთ არსებული
ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ვერ იქნებოდა საკმარისი
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში დასარწმუნებლად,
მათ შორის, ვერც დაინტერესებული პირის და მონაცემთა სუბიექტის ინტერესების
შესაპირისპირებლად და დასაბალანსებლად.


სამსახურის შეფასებით, სკოლას, არასრულწლოვნის ინტერესებთან თანხვედრით,
უნდა გაეთვალისწინებინა მონაცემების შემდგომი დამუშავების პოტენციური რისკები
და იმ პირობებში, რომ სკოლამ მონაცემთა სუბიექტის მოდავე მხარეს გაუმჟღავნა
ბავშვის მონაცემები, საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ იქნებოდა დარწმუნებული
აღნიშნული გადაწყვეტილების ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან თავსებადობაში,
ვინაიდან მისთვის ვერ იქნებოდა განჭვრეტადი მონაცემთა დამუშავების შემდგომ
პროცესში ბავშვის ინტერესების სარგებელი. ამდენად, ადვოკატის მხრიდან ბავშვის
მონაცემების კანონიერად გამოთხოვის პირობებშიც სკოლას არასრულწლოვნის
ის მონაცემები არ უნდა გაემჟღავნებინა, რომლებიც თავად არასრულწლოვანმა არ გახადა ხელმისაწვდომი ადვოკატისთვის, ვინაიდან მას ზემოხსენებული მონაცემების
გამჟღავნების თაობაზე არც არასრულწლოვნის თანხმობა ჰქონდა და არც სასამართლოს
დავალება, მონაცემთა დამუშავების სხვა რომელიმე საფუძველი კი განხილვის ფარგლებში
არ გამოკვეთილა. განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ სადავო წერილის
გაგზავნის გზით განმცხადებლის მონაცემების გამჟღავნებისას სკოლის მიერ ვერ იქნა
დაცული ბავშვის მონაცემებთან მოპყრობის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი
სტანდარტი და საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნდა კანონის მე-5 მუხლით
გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველი. შესაბამისად,
სამსახურის გადაწყვეტილებით, სკოლა მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.

მსგავსი გადაწყვეტილებები