. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-13
ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების, ღირსების, კეთილდღეობის, უსაფ-
რთხოებისა და სხვა უფლებების დასაცავად აუცილებელია ყველა საჯარო თუ კერძო
უწყების მიერ კანონის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა და შესრულება. სახელმწიფო
ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნის მიმართვის საფუძველზე მისი ინფორმირების
ერთ-ერთი შემთხვევა განიხილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ
„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს“ არაგეგმური შემოწმების ფარგლებში.
სამსახურში წარმოდგენილი ბავშვის მომართვა დაწერილი იყო ბრაილის შრიფტით,
ხოლო შემდგომ – გადაწერილი და ხელმოწერილი მესამე პირის (არასრულწლოვნის
მასწავლებლის) მიერ. შესაბამისად, ეფექტიანი რეაგირებისა და მომართვაში ასახული
ნების გამოკვლევის მიზნით, სამსახურმა არ მიმართა განცხადებაზე ხარვეზის
დადგენის გზას, თანამშრომლები პირადად გაესაუბრნენ ბავშვს თავის საცხოვრებელ
გარემოში და დარწმუნდნენ, რომ ის იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვაში. მომართვის
შინაარსითა და არასრულწლოვანთან კომუნიკაციის შედეგად ასევე დადგინდა, რომ
ბავშვმა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოდან წერილობით გამოითხოვა,
თუმცა ვერ მოიპოვა თავისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.
ზემოაღნიშნული ფაქტის კანონიერების შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ
არასრულწლოვანი წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო)
პირს, მისი მშობლის მიმართ კი გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. გარდა ამისა, ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე აღძრული იყო სისხლის სამართლის
საქმე და არასრულწლოვნის უფლებებს, ორდერის საფუძველზე, ერთ-ერთი
არასამთავრობო ორგანიზაცია იცავდა. მითითებული საქმის ფარგლებში მეურვეობისა
და მზრუნველობის ორგანოში დაცული არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების
შემცველი დოკუმენტები მოკლე ვადებში გადაეცა საქართველოს პროკურატურას,
თუმცა, ანალოგიური დოკუმენტაციის გადაცემაზე ბავშვის განცხადება დაკმაყოფილდა
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზემოხსენებულ არასამთავრობო ორგანიზაციას მინდობილობის
საფუძველზე ბავშვის წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიენიჭა. აღნიშნულის
გათვალისწინებით, ბავშვის მოთხოვნა 50 დღის შემდეგ დაკმაყოფილდა. განხილვის
ფარგლებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ მოთხოვნილი დოკუმენტების
ბავშვისთვის გადაცემის თითქმის ორი თვით დაგვიანება ახსნა არასაკმარისი ადამია-
ნური და სხვა რესურსით, მათ შორის, უსინათლო ბავშვისთვის აღსაქმელი
ფორმით (ბრაილის შრიფტით) მცირე დროში დოკუმენტაციის მომზადების
შეუძლებლობითა და ბავშვისთვის დანიშნული სოციალური მუშაკის შეცვლით.
ნიშანდობლივია, რომ ბავშვი საკუთარი მონაცემების შემცველი მასალების
გამოთხოვის შესახებ განცხადებაშიც უთითებდა სისხლის სამართლის საქმეში
თავისი უფლებების დამცველი ორგანიზაციის მისამართს, მიუხედავად
იმისა, რომ მითითებული თარიღისთვის მინდობილობა არ არსებობდა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში დაცულ თავის
პერსონალურ მონაცემებს და მიიღოს მათი ასლები. სამსახურმა, ბავშვის საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინებით, შეაფასა საქმის გარემოებები და მიიჩნია, რომ
ინფორმირების უფლების ეფექტური რეალიზება განსაკუთრებულ მნიშვნელობას
იძენს, როდესაც საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კანონიერი
ინტერესების უზრუნველყოფას და სხვადასხვა სამართალწარმოების ფარგლებში
მისი ან/და მის მიერ არჩეული პირების კვალიფიციურ ჩართულობას შეეხება. საქმის
შესწავლით დადგინდა, რომ თვალსაჩინო იყო ბავშვის რეალური და მყისიერი
ინტერესი, ყოფილიყო ინფორმირებული მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს მიერ მის შესახებ სხვადასხვა სამართალწარმოებაში დამუშავებული
დოკუმენტების თაობაზე და მათ საფუძველზე დაეცვა საკუთარი ინტერესები,
თუნდაც მიმდინარე სისხლის სამართლის ან/და სამოქალაქო საქმის წარმოებისას.
სამსახურმა განმარტა, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ხელთ
არსებული არასაკმარისი რესურსი ვერ გაამართლებდა შშმ ბავშვის საკუთარ
პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, რაც გამოიხატა
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით
აღჭურვამდე ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდების დაყოვნებაში. სახელმწიფო
ზრუნვაში მყოფ არასრულწლოვანზე პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულება
ჯეროვანი ყურადღებით უნდა მოჰკიდებოდა ბავშვის კანონიერ ინტერესებს და
მოეძებნა პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა გზა, მაგალითად, სოციალური მუშაკის
მიერ ბავშვთან აქტიური კომუნიკაციის გზით დაედგინა არასრულწლოვნის ნება და
დაეზუსტებინა, ნამდვილად სურდა თუ არა მას თავის განცხადებაში მითითებულ
არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართზე მასალების გაგზავნა, ან/და სოციალური
მუშაკის ჩართულობით პირადად ბავშვისთვის გაეცნო (წაეკითხა) დოკუმენტები და
მათი შინაარსი და ამ გზით მოეხდინა ბავშვის ინფორმირება და სხვა. აღნიშნულის
გათვალისწინებით, სამსახურმა მიიჩნია, რომ პერსონალური მონაცემების შემცველი
დოკუმენტაციის უსინათლო ბავშვისთვის მიწოდების დაყოვნებით არაკანონიერად
შეიზღუდა არასრულწლოვნის ინფორმირების უფლება, შესაბამისად, სამსახურის
გადაწყვეტილებით, სააგენტო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე.