date

2023-12-16

დისციპლინური საქმის მონაწილე ბავშვის ინფორმირება ერთ-ერთი სკოლის მიერ


ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვა პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის
მოტივით დაწესებულებები მონაცემთა სუბიექტის უფლებებს არაპროპორციულად
ზღუდავენ. ისინი არ იყენებენ სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებას, რომელთა დახმარებით
შესაძლებელია ნაკლებად შეიზღუდოს მონაცემთა სუბიექტის უფლებები. მოცემულ
შემთხვევაში, სამსახურმა არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის განცხადების
საფუძველზე, სკოლის მიერ მისი ინფორმირების უფლების შეზღუდვაზე იმსჯელა და
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინა.


შესწავლისას დადგინდა, რომ საჯარო სკოლის მოსწავლის მიმართ მასწავლებლის
მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტი განხილულ
იქნა სკოლის დისციპლინური კომიტეტის ზეპირ სხდომაზე, რომლის ფარგლებში
გამოიკითხა სხვადასხვა პირი. სხდომის მიმდინარეობისას განხორციელდა აუდიოჩაწერა,
ასევე, შეიქმნა სხდომის მატერიალური ოქმი. ხსენებული აუდიოჩანაწერების გამოთხოვის
მიზნით სკოლას არასრულწლოვნის დედამ მიმართა, რომელსაც უარი ეთქვა მასალების
გადაცემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის „ე“
ქვეპუნქტზე მითითებით, რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების
უფლების შეზღუდვას იმ შემთხვევაში, თუ უფლების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე
შეუქმნას სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.


შემთხვევის შეფასებისას სამსახურმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ
განმცხადებელი და მისი მშობლები ესწრებოდნენ დისციპლინური კომიტეტის სხდომის
ნაწილს, შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო იმ პირთა ვინაობა, ვინც მონაწილეობდა
სხდომის შესაბამის მონაკვეთში. ამასთან, სრული სხდომის აუდიოჩანაწერები შეიქმნა
7 (შვიდი) ფაილად, რომელთაგან ერთ-ერთში ასახული იყო განმცხადებლის, მისი
მშობლების და კომისიის წევრების მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ დასა-
ხელებული კონკრეტული აუდიოჩანაწერი შეიცავდა ბავშვის შესახებ იმ პერსონალურ
მონაცემებს, რომლებიც სხდომაზე გახდა ხელმისაწვდომი განმცხადებლისა და მისი
კანონიერი წარმომადგენლებისთვის, სამსახურმა არ გაიზიარა სკოლის არგუმენტი
მესამე პირთა ინტერესების დაცვის მოტივით განმცხადებლისთვის მასალის
მიუწოდებლობის საფუძვლიანობის თაობაზე. რაც შეეხება აუდიოჩანაწერების დანარჩენ
ნაწილს (დარჩენილი 6 (ექვსი) ფაილი), როგორც შესწავლის ფარგლებში გამოიკვეთა,
ისინი ნაწილობრივ შეიცავდნენ არასრულწლოვანთან დაკავშირებით პედაგოგის ქცევის
შესახებ ინფორმაციას და, ამდენად, განმცხადებლის შესახებ მონაცემებს. ამასთან, მასალე-
ბის გადაცემაზე უარის თქმამდე სკოლას არ შეუფასებია გონივრულად ხელმისაწვდომი
ტექნიკური საშუალებებით სხვა პირების მონაცემების (საიდენტიფიკაციო მონაცემების,
ხმის და საუბრისას გაჟღერებული ცალსახად პირადი ხასიათის ფაქტების) დაფარვის,
მოდიფიცირების შესაძლებლობა. დაწესებულებას უნდა ესარგებლა ყველა გონივრული
საშუალებით და მხოლოდ მას შემდეგ განეცხადებინა უარი მიმართვის დაკმაყოფი-
ლებაზე, თუკი დარწმუნდებოდა სხდომაზე გამოკითხული პირების პერსონალური
მონაცემების დაცვით არასრულწლოვნის ინფორმირების უფლების რეალიზების
შეუძლებლობაში. ამასთან, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვის საფუძვლის
არსებობის პირობებშიც კი, საჭიროა სამართლიანი ბალანსის დაცვა მონაცემთა სუბიე-
ქტისა და მესამე პირების უფლებებს შორის. აღნიშნულისთვის კი მნიშვნელოვანია,
მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის კონტექსტისა და
შინაარსის გათვალისწინებით შეაფასოს მისი კანონიერი ინტერესის მასშტაბი და
თანაფარდობა მესამე პირების უფლებების დაცვის ინტერესთან. შესაბამისად, განხილულ
შემთხვევაში დადგინდა სკოლის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის
დარღვევა და მას პასუხისმგებლობა დაეკისრა 50-ე მუხლის საფუძველზე.

მსგავსი გადაწყვეტილებები