. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-17
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის
შესაბამისად, სამართლებრივი დაცვა მოიაზრებს საკონსულო დაწესებულების მიერ სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია
მნიშვნელოვანი მოცულობის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური
მონაცემების სხვადასხვა ფორმით დამუშავებასთან (მაგალითად, მოპოვებასთან,
შენახვასთან, გადაცემასთან). აღნიშნულის გათვალისწინებით, საზღვარგარეთ მყოფი
საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცულობის მნიშვნელობიდან
და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში დამუშავებული მონაცემების
სენსიტიურობიდან გამომდინარე, სამსახურმა განახორციელა ქ. სტამბოლსა და
ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ პერსონალური მონაცემების
დამუშავების კანონიერების შესწავლა.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სამინისტრო, მისი სტრუქტურული ერთეუ-
ლების – ქ. სტამბოლსა და ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოე-
ბის – მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი დაცვის ღონისძიებების
ფარგლებში როგორც პორტალის მეშვეობით განაცხადის მიღების, ისე შემდგომი
დამუშავებისას, აგროვებს, იყენებს და ინახავს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:
სახელი, გვარი, მამის სახელი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, პასპორტის/
ბინადრობის მოწმობის ნომერი, პირადობის/ბინადრობის მოწმობის ნომერი,
დაბადების ადგილი, მოქალაქეობა/სტატუსი, ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლის
თარიღი, ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლის მიზეზი, ადგილსამყოფელი ქვეყანა,
ადგილსამყოფელი ქალაქი, მისამართი, საფოსტო ინდექსი, ტელეფონის ნომერი, ელ.
ფოსტის მისამართი, „Skype“, ფოტოსურათი, ინფორმაცია წარმომადგენლის შესახებ
(ასეთის არსებობისას), კერძოდ: კავშირი განმცხადებელთან, სახელი, გვარი, დაბადების
თარიღი, სქესი, მოქალაქეობა/სტატუსი, პირადი ნომერი, პასპორტის/ბინადრობის
მოწმობის ნომერი, საჭიროების შემთხვევაში პირის დევნილის სტატუსის შესახებ
ინფორმაცია, განაცხადთან ერთად წარდგენილი ჯანმრთელობის ცნობები, პირის
დაკავების შესახებ ინფორმაცია და სხვა. როგორც შესწავლით გამოვლინდა, პორტალზე
განაცხადის წარდგენის პროცესი მოწყობილია იმგვარად, რომ განაცხადის ავტორი
თავდაპირველად ასახავს საკუთარ პერსონალურ მონაცემებს და შემდგომ ირჩევს
საკონსულო მომსახურების სახეს. იმავდროულად, პორტალზე განაცხადის წარდგენის
მიზნით, პერსონალური მონაცემების შევსების პროცესში თვალსაჩინოდ არ არის
მითითებული, რა სახის მონაცემებია საჭირო თითოეული საკონსულო მომსახურების
მისაღებად.
პორტალის მეშვეობით განაცხადის წარდგენის, ისევე, როგორც საკონსულოებში
მომსახურების მიღების პროცესში, მონაცემთა სუბიექტი აცხადებს თანხმობას თავისი
მონაცემების დამუშავების თაობაზე, თუმცა პორტალზე განთავსებული თანხმობა
საკონსულოების მიერ განსახორციელებელი ყველა მომსახურებისთვის არის
ერთგვაროვანი. შემოწმების ფარგლებში გამოკვლეული მონაცემთა სუბიექტის თანხმობის
ტექსტის შესაბამისად, ნებისმიერი სახის მომსახურებაზე განაცხადის წარდგენისას
ფიზიკური პირი აცხადებს თანხმობას ბიომეტრიული მონაცემების, მათ შორის, თითის
ანაბეჭდის დამუშავებაზე, მაშინაც კი, როდესაც მის მიერ მოთხოვნილი მომსახურების
სახე (მაგალითად, სხვადასხვა ცნობის მიღება) მსგავსი სახის მონაცემების დამუშავებას
არ საჭიროებს. ამასთან, პორტალის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების პროცესი
ორგანიზებულია იმგვარად, რომ განაცხადის წარდგენისას გარკვეული პერსონალური
მონაცემების შეგროვების და შემდგომი დამუშავების კანონიერი მიზანი და საჭიროება
არ არსებობს. აღნიშნული მონაცემები კი აისახება პირის მიერ წარდგენილ განაცხადში
და ინახება პორტალის მონაცემთა ბაზაში. განცხადების დამუშავების პროცესში, თუ
კონკრეტული მომსახურება მოითხოვს დამატებით მონაცემებს, რომლებიც განაცხადში
არ არის მითითებული, საკონსულო თანამდებობის პირი დამატებით გამოითხოვს
აღნიშნულ ინფორმაციას.
შემოწმებისას აგრეთვე გამოირკვა, რომ ვინაიდან პორტალი დაკავშირებულია
სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზასთან,საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომრით ძებნის შემდგომ პორტალში
ავტომატურად გადმოდის პირის დაბადების ადგილი და ამავე ბაზაში არსებული ბოლო
ფოტოსურათი, მათ შორის, ანალოგიური პროცესია ნასამართლობის შესახებ ცნობის
გაცემასთან დაკავშირებული განცხადების დამუშავების დროსაც. ამასთან, საკონსულო
თანამდებობის პირი პორტალში ხელით უთითებს განმცხადებლის სახელს და გვარს
ლათინურად და ასევე, ავსებს/ასწორებს დანარჩენ ველებს, რის შემდეგაც, მომსახურების
სპეციფიკის გათვალისწინებით, საკონსულო თანამდებობის პირი პორტალში შლის
გადმოტანილ ფოტოსურათს. აღსანიშნავია, რომ ქ. სტამბოლში საქართველოს
გენერალური საკონსულოს განმარტებით, მათ ფოტოები ესაჭიროებათ მხოლოდ
პირთა იდენტიფიცირების მიზნით, ხოლო შემდგომ ისინი კარგავენ აქტუალობას,
ფოტოსურათები არ გამოიყენება საკონსულოს მიერ გასაცემად მომზადებულ ცნობებსა
თუ დოკუმენტებში. შესაბამისად, იმ მომსახურების პროცესში, სადაც ფოტოსურათი
არ არის სავალდებულო რეკვიზიტი (მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის, ვიზის, პასპორტის, დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისას, ფოტოსურათის
დამუშავება სავალდებულოა, რადგან იგი აისახება გასაცემ დოკუმენტებში), საკონსულო
პორტალში მექანიკურად შლის ფოტოსურათებს. ამ კუთხით, კონკრეტული ფაქტების
გადამოწმებისას ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ადგილზე
შემოწმების პროცესში ძველი განაცხადების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ
რიგი ცნობების გაცემასთან დაკავშირებულ წარმოებებში ფოტოსურათები წაშლილი
იყო, თუმცა გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც ფოტოსურათები არ იყო წაშლილი –
აღნიშნული შეეხებოდა ნასამართლობის ცნობის გაცემის მომსახურების გაწევას.
ამავე შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პორტალს, როგორც საკონსულო
საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემას, იყენებენ საკონსულო ფუნქციების
შემსრულებელი პირები ან საკონსულო მოსამსახურეები, ასევე, სამინისტროს
შესაბამისი თანამდებობის პირები მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში. დამატებით, საკონსულო დაწესებულებაში არსებულ მონაცემებზე წვდომა
გააჩნია სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების 20 (ოცი) თანამშრომელს
ადმინისტრატორის სრული ფუნქციებით და აქვთ შეუზღუდავი უფლებები.
შემოწმების ფარგლებში ასევე გამოირკვა, რომ პორტალის საშუალებით მონაცემების
მიმართ განხორციელებული ყველა მოქმედების (ე.წ. „ლოგ“ ჩანაწერების) აღრიცხვა
არ მიმდინარეობს და აღირიცხება მხოლოდ საქმის შექმნასთან დაკავშირებული
მოქმედებები (ვის მიერ განხორციელდა საქმის რეგისტრაცია, ვის მიერ მომზადდა/
აიტვირთა შემდგომში საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ა.შ.). სისტემაში
არ აღირიცხება მომხმარებლის მიერ სისტემაში შესვლა/გასვლა, მონაცემების მოძიება,
მონაცემების დათვალიერება და მონაცემების გადაწერა.
ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს შემოწმების ფარგლებში
ასევე დადგინდა, რომ დასრულებული საქმეების ბაინდერები ინახებოდა ორ ოთახში,
ღია კარადებში, რომლებიც არ იკეტებოდა შესაბამისი საკეტით. ორივე ოთახში
ხვდებოდნენ მხოლოდ საკონსულოში დასაქმებული პირები, თუმცა, ყველა
მათგანი, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების გათვალისწინებით, არ
იყო უფლებამოსილი წვდომა ჰქონოდა დასრულებულ საქმეებზე. იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ დასახელებული ფორმით საკონსულო დაწესებულებაში ინახება
2017-2022 წლების დასრულებული საქმეები, სამსახურის შეფასებით, წარმოიშობა
პერსონალურ მონაცემთა უკანონო/შემთხვევითი დამუშავების რისკები. გარდა ამისა,
ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს შემოწმებით გამოიკვეთა,
რომ გენერალური კონსულის, ვიცე კონსულის და უფროსი მრჩევლის (უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი პირის) სამუშაო ოთახებში განთავსებულ მონიტორებზე პირდაპირ
რეჟიმში ფიქსირდებოდა საკონსულოს შენობაში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო
კამერების მიერ დაფიქსირებული გამოსახულებები და აღნიშნული ხილვადი იყო
ამავე ოთახებში მოხვედრილი სხვა პირებისთვისაც, რომლებსაც არ ჰქონდათ ვიდეო-ჩანაწერებზე წვდომის უფლება. მითითებული გარემოება შეფასდა პერსონალურ
მონაცემთა უკანონო/შემთხვევითი დამუშავების რისკად, ვინაიდან ე.წ. „ლაივ“
გამოსახულების ჩაწერის (მაგალითად, მობილური ტელეფონით, ფოტოაპარატით და
ა.შ.) და გამოყენების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება პროცესის გაკონტროლება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი, დადგინდა, რომ პორტალში გათვა-
ლისწინებულ მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების აღრიცხვის მეთოდი
არ შეესაბამებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-
17 მუხლის მოთხოვნას, ვინაიდან სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა ელექტრონული
ფორმით დაცული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვას
და მონაცემთა დაცვას მათი უკანონო დამუშავებისგან. აღნიშნულის საფუძველზე
სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად.