date

2023-12-12

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ ზედმეტი მოცულობის მონაცემების მოპოვება


საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოქალაქის
მომართვის საფუძველზე შეისწავლა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“
ვებგვერდზე – www.napr.gov.ge – უძრავი ქონების შეზღუდვებთან/აკრძალვებთან და-
კავშირებით რეგისტრირებულ განცხადებებში ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენლის
რეგისტრაციის მისამართის გამოქვეყნების გზით პერსონალური მონაცემების დამუ-
შავების კანონიერება.


შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბანკის წარმომადგენელი, სამსახურებრივი
უფლებამოსილების ფარგლებში, უძრავ ქონებაზე შეზღუდვის/აკრძალვის
რეგისტრაციის მიზნით, ფოსტის საშუალებით პერიოდულად გზავნიდა სსიპ „საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ განცხადებებს, რომელთაც, როგორც წესი, თან
ერთვოდა სასამართლოს განჩინება, მინდობილობა და ბანკის შესახებ ამონაწერი
სამეწარმეო რეესტრიდან. მოქალაქის მიერ გაგზავნილ განცხადებებში მის მისამართად
დაფიქსირებული იყო დამსაქმებლის მისამართი და ასახული იყო მკაფიო სურვილი
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებში მონაცემთა სუბიექტის მისამართად
ბანკის და არა განმცხადებლის პირადი მისამართი გამოქვეყნებულიყო. მოპოვებული
მტკიცებულებებით გამოვლინდა, რომ განმცხადებლის დასახელებული თხოვნა,
უმეტესწილად, მონაცემთა დამმუშავებლის მხრიდან არ იყო გათვალისწინებული
და რეგისტრაციის პროცესში ხდებოდა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს“ მონაცემთა ბაზიდან მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის მისამართის
მოპოვება და განცხადებაში ასახვა.


განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ემსახურებოდა
მის ინტერესს, დაცული ყოფილიყო იმ მისამართის კონფიდენციალურობა, სადაც იგი
ცხოვრობდა მშობლებთან და არასრულწლოვნებთან ერთად და არ სურდა აღნიშნული
ინფორმაცია ხელმისაწვდომი გამხდარიყო ფართო საზოგადოებისთვის (მათ შორის,
ბანკის მოვალეებისთვის).
სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ მიუთითა, რომ განმცხადებლის
რეგისტრაციის მისამართის გამოქვეყნების გზით დამუშავება საფუძვლიანი იყო,
ვინაიდან სააგენტოში არსებული მონაცემები კანონის მიხედვით საჯაროა, საჭიროა
მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული
მოვალეობების შესასრულებლად და აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების
განსახილველად. სამსახურის შეფასებით, სააგენტოში სარეგისტრაციოდ ფოსტის
მეშვეობით გაგზავნილ განცხადებაში სავალდებულო რეკვიზიტად მისამართის
მონაცემის ასახვა ექცევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფუძვლებში, თუმცა, კანონის მე-4 მუხლი ჩამოთვლის რა მონაცემთა დამუშავების
პრინციპებს, ადგენს, რომ მონაცემთა დამმუშავებელს განსაკუთრებული სიფრთხილის
გამოჩენა ევალება მონაცემების დამუშავებისას კანონიერი მიზნის დასაბუთებისა
და მონაცემების იმ პროპორციული მოცულობის შესარჩევად, რომლითაც თავისი
ლეგიტიმური მიზნის მიღწევას შეძლებს. სამსახურმა მიიჩნია, რომ განმცხადებელს/მის
წარმომადგენელს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, მის მიერ წარდგენილ განცხადებაში,
საკონტაქტო რეკვიზიტად განსაზღვრის მიზნით, მიუთითოს სამუშაო ადგილის თუ
საცხოვრებელი ადგილის მისამართი. მისი აღნიშნული არჩევანი კი დამაკმაყოფილებელია
იმისთვის, რომ განცხადება შესაბამისობაში იყოს როგორც საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის, ისე საჯარო რეესტრის შესახებ კანონმდებლობასთან.
სამსახურმა ვერ გაიზიარა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ პოზიცია და
დაადგინა, რომ წარმომადგენლის პირადი მისამართი ვერ იქნება მიჩნეული რაიმე სახით
იმაზე უფრო გამოსადეგ საკონტაქტო ინფორმაციად, ვიდრე მისი სამუშაო ადგილის
მისამართია, ვინაიდან საქმე დამსაქმებელთან დაკავშირებულ ურთიერთობებში მისი
სახელით მოქმედებას ეხება, მასთან შემხებლობის მქონე თითოეულ კორესპონდენციაზე
კი დამსაქმებლის იურიდიულ მისამართზე შესაძლებელი იქნება თანამშრომლის მოძიება
და კომუნიკაცია. გამომდინარე აქედან, განხილვის ფარგლებში დადგინდა სსიპ „საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილი მონაცემთა დამუშავების პრინციპების
დარღვევის ფაქტი და მონაცემთა დამმუშავებელს დაეკისრა პასუხისმგებლობა
აღნიშნული კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე.

მსგავსი გადაწყვეტილებები