. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-17
რიგ შემთხვევებში, სამსახურში წარმოდგენილი მომართვები უკავშირდება
განმცხადებლის პერსონალური მონაცემების რამდენიმე დაწესებულების მიერ
პარალელურად დამუშავების ფაქტს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა
მოქალაქის განცხადების საფუძველზე შეისწავლა მსგავსი შემთხვევა შპს „საქართველოს
მელიორაციისა“ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოქალაქის პერსონალუ-
რი მონაცემების დამუშავების კანონიერებასთან მიმართებით.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე სასამართლო დავაში შპს
„საქართველოს მელიორაცია“ არის მოსარჩელე მხარე, ხოლო მონაცემთა სუბიექტი
კი – ერთ-ერთი მოპასუხე. სასამართლო წარმოების ფარგლებში მტკიცებულებების
მოპოვებისა და წარდგენის მიზნით, კომპანიამ წერილებით მიმართა მერს და ერთ-ერთ
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს აცნობა, რომ კომპანიის, როგორც
მოსარჩელე მხარის, პოზიცია დამყარებული იყო მოპასუხეთა ნათესაური/ახლობლური
ურთიერთობის გათვალისწინებით, მათ შორის, სადავო ქონების გასხვისების შესახებ
დადებული გარიგებების მოჩვენებით ხასიათზე და გამოითხოვა ინფორმაცია იმის
თაობაზე, თუ რა ახლო ნათესაურ ან სხვაგვარ ახლობლურ ურთიერთობაში იმყოფე-
ბოდნენ ერთმანეთთან მოპასუხეები. კომპანიამ ზემოაღნიშნულ წერილში ასახა მთელი
რიგი გარემოებები, მათ შორის: მისი მონაწილეობით წარმართული (დასრულებული და
მიმდინარე) სასამართლო საქმეების ნომრები, განმცხადებლის და მისი თანამოპასუხეე-
ბის ვინაობა და პირადი ნომრები, სადავო ქონების შესახებ დეტალები და მისი გასხვისების
ფაქტები და ადრესატებს მიუთითა საჯარო ინტერესსა და გამოთხოვილი ინფორმაციის
დავის გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობაზე. საპასუხო კორესპონდენცია, მერის
წარმომადგენლის მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით, მოამზადა მერიამ და მიმართვის
ავტორს დაუდასტურა განმცხადებლის კონკრეტული ნათესაური კავშირის შესახებ
ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.
განხილვის ფარგლებში სამსახურმა გაიზიარა კომპანიის პოზიცია, რომ
შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მას ჰქონდა აღმატებული კანონიერი ინტერესი განმცხადებლის შესახებ გამოეთხოვა/მოეპოვებინა სასარჩელო დავის საგანთან
დაკავშირებული ინფორმაცია, თუმცა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლი მონაცემთა დაცვის გარანტიას ქმნის მხოლოდ
ამავე კანონის მე-4 მუხლით დადგენილ მონაცემთა დამუშავების პრინციპებთან
ერთობლიობაში, ამ უკანასკნელის „გ“ ქვეპუნქტი კი მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპს
ითვალისწინებს. სამსახურმა მიიჩნია, რომ სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობის
პრინციპის ეფექტიანი რეალიზებისთვის ინფორმაციის მოპოვების აღმატებული
კანონიერი ინტერესის მიუხედავად, სამოქალაქო დავის მხარე ვალდებულია,
მონაცემების გამოთხოვის, მოპოვებისა და გამოყენების პროცესი ისე დაგეგმოს,
რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი ინფორმაციის არაუფლებამოსილი პირებისთვის
გამჟღავნება ან/და არასაჭირო ინფორმაციის მიღება. კანონის მე-17 მუხლზე (მონაცემთა
უსაფრთხოება) დაყრდნობით სამსახურმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ
ინფორმაციის გამოთხოვისას მნიშვნელოვანია კითხვების იმგვარად ფორმულირება,
რომ არაზუსტი, არასაჭირო ინფორმაციის მიღების რისკები მინიმუმამდე შემცირდეს,
ამასთან პირმა/დაწესებულებამ შეიძლება მიმართოს მას, ვისთანაც მოთხოვნილი
ინფორმაციის ფლობის დასაბუთებული ვარაუდი აქვს, მონაცემების მოპოვების მიზნით
ინფორმაციის გაზიარებისას კი აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის
გამოჩენა და კორესპონდენციაში ფიზიკური პირის შესახებ მხოლოდ იმ მოცულობის
ინფორმაციის ასახვა, რაც საშუალო სტატისტიკურ პირს დაარწმუნებდა ფლობის
შემთხვევაში ინფორმაციის ლეგიტიმურად გამჟღავნების აუცილებლობაში. თავად
იმ პირმა, რომელიც მიმართავს დაწესებულებას კონკრეტული პირის პერსონალური
მონაცემების გამოთხოვის მიზნით, უნდა შეაფასოს საჭირო მონაცემების მოპოვებისადმი
არსებული ინტერესი, კანონიერი, კონკრეტული, მკაფიო მიზნები და დაუსაბუთოს ეს
ყოველივე დაწესებულებას.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია მოქმედებდა კანონიერი მიზნით და
კონკრეტული საჭიროების ფარგლებში, თუმცა ინფორმაციის გამოთხოვის წერილებში
ასახულ იქნა მონაცემების გამოთხოვის მიზანთან შეუსაბამო მოცულობის ინფორმაცია.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სამსახურმა აღნიშნა,
რომ მოპასუხეთა შორის ახლობლური კავშირის შესახებ მონაცემების მოსაპოვებლად
საკმარისი იქნებოდა, რომ კომპანიას აღეწერა მხოლოდ მიმდინარე სასამართლო დავის
ზოგადი ფაბულა, დაესახელებინა მოპასუხე მხარეების ვინაობა, ასევე, საიდენტიფიკაციო
მონაცემები და დეტალიზაციის გარეშე მიეთითებინა მონაცემთა გამოთხოვის
შემხებლობაზე დავის საგანთან. განხილულ შემთხვევაში გამოვლინდა კომპანიის მიერ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“
ქვეპუნქტის (მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი) დარღვევის ფაქტი და მონაცემთა
დამმუშავებელს დაეკისრა პასუხისმგებლობა აღნიშნული კანონის 44-ე მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, სამსახურმა კანონის მე-17 მუხლზე
დაყრდნობით განმარტა, რომ პირთა შესახებ ინფორმაციის გაცემისას, მნიშვნელოვანია
ისეთი ფორმულირების შერჩევა, რომელიც არაზუსტი ინტერპრეტაციის რისკებს
მინიმუმამდე შეამცირებს. მერიის საპასუხო კორესპონდენცია მიწოდებული ინფორმა-
ციის სანდოობაში მისი მიმღების ანდა სასამართლოს გასარკვევად არ შეიცავდა არავითარ
მითითებას, მეტიც, განმცხადებლის ნათესაურ კავშირებზე მონაცემებს მტკიცებითი
შინაარსი ჰქონდა, მაშინ, როდესაც იგი ეფუძნებოდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერ
განმარტებებს. თავის მხრივ, მოცემულ შემთხვევაში სამსახურის მიერ მოპოვებულ სსიპ
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციაზე დაყრდნობით,
დადასტურდა გამჟღავნებული მონაცემების არსებითი სისწორე, თუმცა დადგინდა,
რომ ამგვარი ხარისხის მტკიცებულებას მერია არ ფლობდა და ინფორმაციის გაცემისას
მხოლოდ ზეპირსიტყვიერ მოსაზრებას ეყრდნობოდა. შესაბამისად, განიმარტა, რომ
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს მონაცემთა უსაფრთხოებისათვის
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მათი კანონიერად გამჟღავნებისას დაინტერესებულ პირს მიეწოდოს გადამოწმებული, ფაქტებით და დოკუმენტურად
გამყარებული ინფორმაცია.