. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-18
განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ განმცხადებელმა წერილობით
მიმართა ბანკს და მისი საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული ტრანზაქციების
შესახებ და მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ ინფორმაციის
მიწოდება მოითხოვა. ბანკმა, განმცხადებელს მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდა
მოთხოვნიდან მე-11 დღეს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების
მაქსიმალური 10-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ. აღნიშნულთან დაკავშირებით,
ბანკმა განმარტა, რომ განმცხადებლის წერილი, თავისი შინაარსით, წარმოადგენდა
პრეტენზიას, რომლის განხილვისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
2021 წლის 09 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების
მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ 13.3 მუხლის
თანახმად, განსაზღვრული იყო ერთი თვე. ამასთან, წერილის კანონის 21-ე მუხლის ჭრი-
ლში განხილვის შემთხვევაშიც, ვადების გამოთვლის მიზნებისთვის გასათვალისწინებე-
ლი იყო სხვა საკანონმდებლო აქტები, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციუ-
ლი კოდექსის მე-15 მუხლი, რომლის თანახმად, ვადების ათვლისას საქართველოს
შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლებოდა,
ხოლო განმცხადებლის წერილის მიღების შემდგომ გარკვეული პერიოდი, საქართველოს
შრომის კოდექსის შესაბამისად, წარმოადგენდა უქმე დღეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ ვინაიდან, საბანკო
ანგარიშები წარმოადგენდა განმცხადებლის პერსონალურ მონაცემ(ებ)ს, განმცხადებლის
მოთხოვნა სწორედ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
21-ე მუხლიდან გამომდინარეობდა. ამასთან, ვადების გამოთვლის საკითხთან
დაკავშირებით, ბანკის პოზიცია სამსახურის მიერ ვერ იქნა გაზიარებული იმდენად,
რამდენადაც, სამსახურზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
მოქმედება, კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (გარდა III თავისა
(ინფორმაციის თავისუფლება)) არ ვრცელდება. შესაბამისად, ვადების გამოთვლისას არც
საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესები გამოიყენებოდა. „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი კი იმპერატიულად
ადგენს მონაცემთა სუბიექტისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების ვადებს და
მონაცემთა დამმუშავებელს, ინფორმაციის გაცემისთვის მაქსიმუმ 10-დღიან პერიოდს
უწესებს.
ამდენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ ბანკის მიერ
დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
21-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის
მიწოდების ვადა, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის
დაკისრების საფუძველს.