. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-20
თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ვიდეოთვალთვალის სისტემები დიდი
მოცულობით და სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების,
ჩაწერის, შენახვის) შესაძლებლობას იძლევა.
სამართალდამცავი ორგანოები, რომელთა ფუნქციებია ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო
ხელყოფისაგან დაცვა, დანაშაულის/სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილება,
გამოვლენა, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და ა.შ.,
საქმიანობის განსახორციელებლად ამონტაჟებენ ვიდეოსათვალთვალო კამერებს და
სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნისთვის იყენებენ მას. ცხადია, ამ დროს ამუშავებენ ფართო
მოცულობის მონაცემებს.
ვიდეოსათვალთვალო კამერების უმეტესობას აქვს პირდაპირ რეჟიმში დაკვირვების,
აუდიოჩაწერის, ღამის ხედვის, ადამიანის უნიკალური მახასიათებლების (მაგალითად,
სახის) ამოცნობის, მათი ქცევის შესწავლისა და გაანალიზების საშუალება. მათი
მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის რეგულარული და სისტემური მონიტორინგი,
რაც პერსონალური მონაცემების არაკანონიერი დამუშავებისა და პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის დარღვევის საფრთხეებს წარმოშობს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა
ენიჭება მისი გამოყენებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების
დაცვას.
წარმოდგენილი შეტყობინების საფუძველზე სამსახურის მიერ შესწავლილი ერთ-
ერთი საქმე უკავშირდებოდა ქ. თბილისში, დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე,
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მდებარე საფეხმავლო ხიდზე დამონტაჟებული 7
(შვიდი) ვიდეოკამერით, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელსა (დავით
აღმაშენებლის ხეივანი №66-ის და №66ა-ს მიმდებარედ) და სასამართლოს მოპირდაპირედ
– ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე არსებულ განათების ბოძებზე დამონტაჟებული 5
(ხუთი) ვიდეოსათვალთვალო კამერით მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხს.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის“, როგორც უფლებამოსილი
პირის, საშუალებით, ვიდეოთვალთვალის გზით ამუშავებდა მონაცემებს ზემოხსენებულ
ტერიტორიაზე.
შესწავლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით გამოვლინდა, რომ თბილისის
საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან და ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე
ვიდეოკამერები დამონტაჟდა 2022 წლის აპრილსა და მაისში, თუმცა გამაფრთხილებელი
ნიშნები მხოლოდ შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, 2023 წლის აგვისტოში, განთა-
ვსდა. შესაბამისად, სამინისტრო, ზემოხსენებულ ტერიტორიაზე, 2022 წლის აპრილიდან/
მაისიდან 2023 წლის აგვისტომდე პერიოდში ვიდეოთვალთვალის გამაფრთხილებელი
ნიშნების გარეშე განხორციელებისათვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და
დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის საფუძველზე.
ვიდეოთვალთვალის განხორციელება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების
ერთ-ერთი ფორმაა. ვიდეოთვალთვალის სისტემა წარმოადგენს ელექტრონული
მოწყობილობის მეშვეობით სივრცის, მოვლენის, საქმიანობის ან პირის ვიზუალურ/
აუდიო მონიტორინგს. ვიდეოთვალის სისტემის მეშვეობით განხორციელებული
ჩანაწერი პერსონალურ მონაცემად ითვლება, როდესაც შესაძლებელია მასზე აღბეჭდილი
ადამიანის სახის გამოსახულების გარჩევა (პირდაპირი იდენტიფიკაცია) ან სისტემის მიერ
დაფიქსირებული ნივთები ან ადამიანის ქცევის მახასიათებლებით პირის არაპირდაპირი
იდენტიფიკაცია.
საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობის ვიდეოთვალთვალის წესებს განსა-ზღვრავს კანონის მე-12 მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,
ზემოხსენებულ დაწესებულებებს, შესაბამისი მონიტორინგის მიზნით, შეუძლიათ
განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის
უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან
დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვისა და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის.
ნებადართულია კონკრეტული სივრცეების ვიდეოთვალთვალი, თუ აღნიშნული
ემსახურება კანონით გათვალისწინებულ მკაფიო, მკვეთრად გამოხატულ მიზანს.
მონაცემთა დამმუშავებელი, კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით,
ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი
ნიშანი, რომელიც, თავისი ფორმით, წარწერითა თუ შესაბამისი გამოსახულებით, ნიშნის
განთავსების ადგილთან ერთად, აღქმადი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობის სივრცეში
მოხვედრილი ნებისმიერი პირისთვის. მონაცემთა სუბიექტი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში
მიიჩნევა მისი მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად.
ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშნის
განთავსების ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ვიდეოთვალთვალის
ქვეშ ექცევიან ან შესაძლოა მოექცნენ სხვადასხვა პირები. ასეთ დროს მონაცემთა
დამუშავება არ არის დამოკიდებული მონაცემთა სუბიექტის ნებაზე და სწორედ ამიტომ,
კანონი მკაცრად განსაზღვრავს გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსების ვალდებულებას,
რათა ამგვარი ინფორმაციის გზით უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა უფლებების
პატივისცემა და დაცვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციის თანამშრომლების
მხრიდან ერთ-ერთი მოქალაქის პერსონალური მონაცემების ფოტოგადაღების გზით
სავარაუდო დამუშავების ფაქტთან დაკავშირებით შემოწმების მიმდინარეობისას
ადგილზე დათვალიერებით აღმოაჩინა, რომ პოლიციის შენობის გარე პერიმეტრზე
დამონტაჟებული იყო ვიდეოსათვალთვალო კამერა, თუმცა გამაფრთხილებელი
ნიშანი ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის თაობაზე არსად იყო განთავსებული, რაც
წარმოადგენს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას და მონაცემთა
დამმუშავებელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მიეცა გაფრთხილება.
ვიდეომონიტორინგთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, გეგმური
შემოწმების საფუძველზე სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ადმინისტრაციულ შენობაში
(ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, №42) კანონით დადგენილ რეჟიმს
დაქვემდებარებულ პირთა გამოცხადების სივრცეში ვიდეოთვალთვალის განხორციელების
გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერება იქნა შესწავლილი.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სივრცეში მუდმივად ხორციელდება
პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა გამოცხადება
და დაქტილოსკოპიური გზით რეგისტრაცია. შესაბამისად, წესრიგისა და უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მონაცემთა დამმუშავებლის მატერიალური რესურსის
დაცვის მიზნით ხორციელდება ვიდეოთვალთვალი.
შესწავლის ფარგლებში გამოიკვეთა ვიდეოთვალთვალის თაობაზე „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევები. დადგინდა,
რომ არსებული გამაფრთხილებელი ნიშნები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა
ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ მონაცემთა სუბიექტთა ინფორმირებას,
კანონით დადგენილ რეჟიმს დაქვემდებარებულ პირთა გამოცხადების სივრცეში
დასაქმებული პირები არ იყვნენ სათანადო წერილობითი ფორმით ინფორმირებულნი
ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით, ვიდეოთვალთვალის გზით დამუშავებული მონაცემები ინახებოდა ჩამწერი მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების
შენახვის ვადით და განსაზღვრული არ იყო მონაცემთა შენახვის ლეგიტიმური
მიზნის შესაბამისი კონკრეტული ვადა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ გარე პერიმეტრზე
განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის საშუალებით ხორციელდებოდა ისეთი
ტერიტორიის მონიტორინგიც, რომელსაც საერთოდ არ აქვს შემხებლობა მასთან და ამ
გზით საჭიროების გარეშე და შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის შეუსაბამო მოცულობით
ამუშავებდა მონაცემებს.
შემოწმების ფარგლებში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა, აგრეთვე, ვიდეო-
თვალთვალის გზით დამუშავებული მონაცემების უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
დადგინდა, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ შემუშავებული არ იყო ვიდეოთვალთვალის
განხორციელების წესი, განსაზღვრული არ იყო ვიდეოსათვალთვალო სისტემის
ადმინისტრირების პირობები, ამასთან, ჩამწერ მოწყობილობებში მომხმარებელთა
ინდივიდუალური/განპიროვნებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით ავტორი-
ზაცია არ იყო უზრუნველყოფილი. განსაზღვრული არ იყო ვიდეოსათვალთვალო
სისტემის საშუალებით დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლების
მქონე პირები მათი უფლებამოსილებები და ქსელურ ვიდეოჩამწერ მოწყობილობებში
შესაბამისი მომხმარებლები, უზრუნველყოფილი არ იყო ვიდეოსათვალთვალო სისტემის
საშუალებით დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა
სისტემაში ავტორიზაცია ინდივიდუალური/განპიროვნებული მომხმარებლის სახელითა
და პაროლით, ქსელურ ვიდეოჩამწერ მოწყობილობებში არსებული დეაქტივირებული/
გაუქმებული მომხმარებლები ისევ ფიქსირდებოდა.
ზემოხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სსიპ „დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ ცნობილ
იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით, 46-ე მუხლის პირველი პუნქტითა
და 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების ჩადენისთვის, გამოცხადების სივრცეში დასაქმებული პირების
კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ინფორმირების, სააგენტოს გარე
პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერით, სააგენტოს მიზნებისათვის არასაჭირო
ტერიტორიის – საავტომობილო გზის სავალი ნაწილისა და საცხოვრებელი კორპუსის
ეზოს შესასვლელის – ვიდეომონიტორინგის გზით შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის
შეუსაბამო მოცულობით მონაცემების დამუშავების, ასევე, ვიდეოთვალთვალის გზით
დამუშავებული მონაცემების მიზნის შეუსაბამო ვადით შენახვისა და აღნიშნულ მონა-
ცემთა უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე და დაეკისრა ჯარიმა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავებისათვის მიეცა დავალებები, რომელთა
ნაწილი შესრულდა, ნაწილი კი, გადაწყვეტილებით დათქმული ვადის მიხედვით,
შესრულების პროცესშია.
გეგმური შემოწმებით შესწავლილი იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიდეოთვალთვალის განხორციე-
ლების გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერებაც. დადგინდა, რომ უსაფრთხოების
სამსახურის მიერ იზოლატორში ვიდეოთვალთვალის განხორციელება შეესა-
ბამება კანონის მე-12 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მონაცემთა სუბიექტები
ინფორმირებულები არიან ვიდეოთვალთვალის თაობაზე და მონაცემთა დამმუშავებლის
მიერ დაცულია მონაცემთა უსაფრთხოების წესები.