date

2023-11-30

შრომითი ურთიერთობები


შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დამსაქმებლები აგროვებენ დასაქმებულთა
სხვადასხვა კატეგორიისა და მოცულობის პერსონალურ მონაცემებს. პირადი ცხოვრება
დაცულია არამართლზომიერი ჩარევისაგან, მათ შორის, დამსაქმებლის მხრიდან.
შრომითი ურთიერთობის არსისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, დამსაქმებლები
ამუშავებენ კანდიდატების სენსიტიურ (ჯანმრთელობის მდგომარეობის, ნასამართლობის,
დისციპლინური ქცევის/გადაცდომის, უნარ-ჩვევების შესახებ) მონაცემებს შრომით
და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ვაკანსიის შესახებ განცხადების
გამოქვეყნებისას და კანდიდატის შერჩევის ეტაპზე. ამ პროცესში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია მონაცემთა მინიმიზებისა და მათი პროპორციული მოცულობით
დამუშავების პრინციპების დაცვა.


აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავი ორგანოები აღჭურვილნი არიან საჯარო
ფუნქციებით და ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს სამართლებრივი აქტებით
განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ხშირ შემთხვევაში სწორედ კანონმდებლობით
არის დადგენილი ის მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომლებსაც ამ სისტემაში
დასაქმების მიზნებისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ კანდიდატები. შესაბამისად,
ისინი ამუშავებენ საკმაოდ მოცულობით მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემებს შესაბამისი კანდიდატის შესარჩევად.


ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, აუცილებელია ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში სამართლიანი ბალანსი იყოს დაცული დასაქმებულის პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლებასა და დამსაქმებლის კანონიერ ინტერესებს შორის.
დამსაქმებლებმა პატივი უნდა სცენ დასაქმებულების პირად ცხოვრებას, რომლის
უზრუნველყოფის მიზნითაც უნდა განხორციელდეს მათი წინასწარ ინფორმირება, მათ
მიმართ განხორციელებული მონიტორინგის ფორმის თაობაზე.
შესწავლილი პროცესები:


შრომითი ურთიერთობის ფარგლებში განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების
დამუშავების მასშტაბისა და, ამავდროულად, მათი დაცვის მაღალი სტანდარტის
მნიშვნელობის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა ჩაატარა გეგმური
შემოწმებები.

— საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გეგმური
შემოწმება, აღნიშნული უწყების მიერ სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ვაკანტური
პოზიციის დასაკავებლად კანდიდატების განსაკუთრებული კატეგორიის მონა-
ცემების დამუშავების კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით. შემოწმების
ფარგლებში დადგინდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის
წარდგენის ვალდებულება კანდიდატს მას შემდეგ წარმოეშობა, რაც უკვე შერჩეული
იქნება კონკრეტულ თანამდებობაზე დასანიშნად. დამსაქმებელი კანდიდატებს
ავალდებულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისეთი ცნობის წარდგენას,
რომელშიც, სხვა მონაცემებთან ერთად, მითითებული იქნება ინფორმაცია
სისხლის ჯგუფის შესახებ. მოცემული საკითხის შეფასებისას სამსახურმა გაიზიარა
სამინისტროს ფუნქციები და საჭიროებები, მათ შორის, ის რისკები, რომლის
წინაშეც შეიძლება, აღმოჩნდნენ დასაქმებული პირები. ასევე ის გარემოება, რომ
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის
თანამშრომლებიც გადადიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. შემოწმებისას
ასევე დადგინდა, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანების
შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატისათვის სავალდებულოდ
წარსადგენ ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში (ფორმა 100), სამინისტროს მოთხოვნით,
აუცილებელია, სიმაღლის, წონის, თვალის ფერისა და თმის ფერის შესახებ
ინფორმაციის მითითებაც. სამინისტროს განმარტებით, ამ მონაცემების დამუშავების
მიზანს სამოქალაქო ოფისში დასაქმებული მოსამსახურეების ფუნქციათა და
ამოცანათა ეფექტური შესრულებისათვის წინასწარი მზადყოფნა წარმოადგენს.
სამსახურმა არ გაიზიარა სამინისტროს მიერ სიმაღლის, წონის, თვალისა ფერისა
და თმის ფერის შესახებ მონაცემთა დამუშავების საჭიროებისათვის მითითებული
მიზნები, რადგან მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით,
რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. ბუნდოვანი იყო
დასაბუთება, სამოქალაქო პირებთან დაკავშირებით მსგავსი გარემოება საერთოდ
დადგებოდა თუ არა, ასეთ შემთხვევაშიც, აღნიშნული მონაცემების შეგროვება, მათი
ბუნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს სირთულეს და შესაძლებელია მათი
დამუშავება კანონის შესაბამისად განხორციელდეს ყოველი კონკრეტული საჭიროების
დადგომის დროს ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით. ამიტომ,
თავდაცვის სამინისტრო ცნობილი ქნა სამართალდამრღვევად, არაადეკვატური და
არაპროპორციული მოცულობით მონაცემების დამუშავების გამო და დაევალა ისეთი
ორგანიზაციული ზომების მიღება, რაც გამორიცხავს კანდიდატების აღნიშნული
მონაცემების დამუშავებას. დავალება დღეის მდგომარეობით შესრულებულია;
— საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გეგმური შემოწმება
მოიცავდა აღნიშნული სამსახურის მიერ მათთან დასაქმებული პირების კორპო-
რაციულ ქსელში ჩართულ ტელეფონების ნომრებზე, შემავალი და გამავალი ზარებისა
და მოკლეტექსტური შეტყობინებების შესახებ ელექტრონული კომუნიკაციების
კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და შენახვის კანონიერების საკითხის
შესწავლას. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახური მათთან დასაქმებული პირების კორპორაციულ ქსელში
ჩართულ სატელეფონო ნომრებზე პერიოდულად ელექტრონული კომუნიკაციების
კომპანიებიდან გამოითხოვდა და ინახავდა შემავალი და გამავალი ზარების,
მოკლეტექსტური შეტყობინებებისა და ანძების დეტალური ამონაწერის შესახებ
ინფორმაციას. ამასთან, ინფორმაციის გამოთხოვა შეიძლებოდა, განხორციელებუ-
ლიყო უშუალოდ ნომრით მოსარგებლე თანამშრომლის ან გენერალური ინსპექციის
(დეპარტამენტი) ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე. სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ზეპირ-
სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიიდან
ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ საავადმყოფო ფურცელზე მყოფი თანამშრომლების მონიტორინგის მიზნებისთვის მათი
ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების დამუშავება ხორციელდებოდა შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამასთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში არ იყო შემუშავებული კორპორაციულ ქსელში ჩართულ სააბონენტო
ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების, მოკლეტექსტური შეტყობინებებისა და
კომუნიკაციის მომსახურე ანძების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის, მიღებული
ინფორმაციის ადრესატისათვის მიწოდების, ხოლო საჭირო ვადის გასვლისთანავე,
მისი შენახვის/წაშლის წესი/ინსტრუქცია, რაზეც მონაცემთა დამმუშავებელს მიეცა
შესაბამისი დავალება. შემოწმების ფარგლებში სამსახურმა შეაფასა, აგრეთვე,
ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის
შენახვის კანონიერების საკითხიც, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახური ელექტრონულ ფოსტაზე (ასევე, იმავე მომხმარებლის
სახელზე არსებულ პლატფორმებზე – „Google Drive“ და “Google Sheet”) ინახავდა 2019
წლით დათარიღებულ ინფორმაციას კონკრეტული ნომრების დეტალური ამონაწერის
თაობაზე. მონაცემთა დამმუშავებელმა ვერ მიუთითა მიზანი და სამართლებრივი
საფუძველი, რაც წარმოაჩენდა აღნიშნულ მონაცემთა შენახვის საჭიროებას, რის გამოც
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“
პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე დაეკისრა შესაბამისი ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა. მონაცემთა დამმუშავებელს მიეცა როგორც რეკომენდაციები, ასევე
შესასრულებლად სავალდებულო დავალებები მონაცემთა დამუშავების პროცესში
აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც შესრულებულია.


დასაქმებულთა მონიტორინგის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამუშაო ადგილზე
ვიდეომონიტორინგი, რაც წარმოადგენს ადამიანის პირად ცხოვრებაში პირდაპირ და
უშუალო ჩარევას და საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას. დამუშავების მსგავსი ფორმების
კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც მონიტორინგის განხორციელების
ტექნიკური საშუალებების, ინტენსივობის, პროპორციულობის პრინციპისა და
უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, არსებითად მნიშვნელოვანია თავად მონაცემთა
სუბიექტების, დასაქმებულების წერილობითი ფორმით ინფორმირება.

მსგავსი გადაწყვეტილებები