date

2023-11-30

მოწყვლადი ჯგუფების (არასრულწლოვნები, შშმ პირები და ქალები) მონაცემების დამუშავება


სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გეგმურად შეისწავლა სსიპ „განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის საშუალებით სსიპ „თბილისის კლასიკური გიმნაზიის“ მოსწავლეების
პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ ზოგადი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eSchool) აისახება
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების თითოეული მოსწავლის მნიშვნელოვანი მოცულობის პერსონალური,
მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მაგ.: სახელი, გვარი, პირადი
ნომერი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მისამართი, კლასი, სსსმ მოსწავლის,
სოციალურად დაუცველი პირის, შშმ პირის, დევნილის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული,
თავშესაფრის მაძიებლის სტატუსები და სხვა.). ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, eSchool-ში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მონაწილეობით და სსიპ
„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (შემდგომში - საინფორმაციო სისტემა)
ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულად მიმდინარეობს სხვადასხვა პროცესები,
როგორებიცაა, მაგალითად: საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვა,
ამორიცხვა, სტატუსის შეჩერება და აღდგენა, კლასის დაძლევა, მობილობა, საგაკვეთილო
ცხრილის შექმნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ „თბილისის კლასიკური გიმნაზია“
(შემდგომში – გიმნაზია) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი
მრავალრიცხოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემოწმების დროისათვის
გიმნაზიაში სწავლობდა 2181 (ორი ათას ასოთხმოცდაერთი) მოსწავლე).


შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საინფორმაციო სისტემა eSchool-ში კანონის
მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევით, მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნის
არაპროპორციული მოცულობით, სათანადო საჭიროებისა და ლეგიტიმური მიზნის
გარეშე ამუშავებდა მოსწავლეების ფოტოსურათებს, რომლებიც საინფორმაციო სისტემას
გადაეცემოდა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა
ბაზიდან. აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
შექმნის და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 9
თებერვლის №08/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამომწურავად განსაზღვრავს
სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ბაზაში დაცულ მონაცემთა
იმ ჩამონათვალს, რომელიც eSchool-ში ასახულ ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების/
ვერიფიკაციის ან/და მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობის დადგენის/გადამოწმების
მიზნით, საინფორმაციო სისტემამ შეიძლება მიიღოს და დაამუშაოს, თუმცა ხსენებულ
ჩამონათვალში არ არის შეტანილი ფოტოსურათი.


შემოწმების ფარგლებში ასევე გამოიკვეთა, რომ eSchool-ში გიმნაზიის მოსწავლეების
სოციალურად დაუცველი პირის, იძულებით ადგილნაცვალი პირის და შშმ პირის
სტატუსების შესახებ ინფორმაცია აისახებოდა შემდეგი წესით: არასრულწლოვნის
გიმნაზიაში ჩარიცხვის მოთხოვნით მშობლის მიერ განცხადების წარდგენისას, მას
განემარტებოდა, რომ სურვილის შემთხვევაში გააჩნდა შესაძლებლობა eSchool-ში
ინფორმაციის შეტანის მიზნებისთვის გიმნაზიისთვის წარედგინა ხსენებული სტატუსების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის საფუძველზეც გიმნაზია არასრუ-ლწლოვნის შესაბამის სტატუს(ებ)ს აღრიცხავდა eSchool-ში. ამასთან, მშობლებს
ხსენებული მონაცემების წარდგენის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდათ მხოლოდ
ზემოთ დასახელებული განცხადების წარდგენისას და შემდეგ მათთან აღარ ხდებოდა
კომუნიკაცია იმის დასადგენად, გარკვეული პერიოდის შემდგომ ხომ არ შეიცვალა
დასახელებული სტატუსები.


ამასთან, ვინაიდან eSchool-ში სოციალურად დაუცველი პირის, იძულებით
ადგილნაცვალი პირის და შშმ პირის თაობაზე ინფორმაცია აღირიცხებოდა მხოლოდ
გიმნაზიის იმ მოსწავლეებთან დაკავშირებით, რომელთა მშობლებმაც ნებაყოფლობით
წარადგინეს ხსენებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები, არსებობდა
მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ რომელიმე ეს სტატუსი შეიძლება ჰქონოდათ
იმ მოსწავლეებსაც, რომელთა eSchool-ის პროფილშიც ხსენებული ველები არ იყო
მონიშნული. მეორე მხრივ, გიმნაზიის მოსწავლეების შესაბამისი სტატუსის მონიშვნის
შემდგომ არ ხდებოდა იმის დადგენა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხომ არ შეიცვალა
დასახელებული სტატუსები და შესაბამისად, არ ხდებოდა მონაცემების განახლება. აღნიშნული კი, თავის მხრივ,
ქმნის იმის ალბათობას, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც eSchool-ში მონიშნული აქვთ
სოციალურად დაუცველი პირის, იძულებით ადგილნაცვალი პირის დაშშმ პირის
სტატუსის აღმნიშვნელი ველები, არ გააჩნდეთ ხსენებული სტატუსები. ყოველივე
აღნიშნულიდან გამომდინარე, გიმნაზიის მოსწავლეების სოციალურად დაუცველი
პირის, იძულებით ადგილნაცვალი პირის და შშმ პირის სტატუსის თაობაზე ინფორმაციის
აღრიცხვისა და შენახვის ზემოხსენებული მიდგომა არ უზრუნველყოფს „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის
მოთხოვნათა შესაბამისად მოსწავლეების სწორი და განახლებული მონაცემების
დამუშავებას.


შემოწმების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ eSchool-ში აღირიცხება გიმნაზიის
მოსწავლეების კომპიუტერულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდო-
მობასთან დაკავშირებით გამოკითხვის შედეგები. საინფორმაციო სისტემის მიერ
შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის
დამუშავება ემსახურება დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საჭიროების დადგომის
შემთხვევაში, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, თუმცა ვერ
იქნა დაზუსტებული, თუ რა მიზნით ხდება მოსწავლის მიერ დისტანციური სწავლების
შესაძლებლობასთან დაკავშირებული გამოკითხვის ძველი (წინა წლების) შედეგების
შენახვა.


ზემოხსენებულთან ერთად, შემოწმების დროისათვის მოსწავლეების აქტიური
სტატუსის შეწყვეტის შემდეგ eSchool-ში მათი მონაცემების სრული დაარქივება (eSchool-
ზე დაშვების მქონე პირთა მხრიდან ამ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა) არ
ხდებოდა და საინფორმაციო სისტემის განმარტებით, აღნიშნული ფუნქციონალის
გააქტიურება იგეგმებოდა 2026 წლის თებერვლამდე. ხსენებულ პერიოდამდე ასევე
იგეგმებოდა საინფორმაციო სისტემის უფროსის იმ ინდივიდუალური ადმინის-
ტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემაც, რომელიც განსაზღვრავდა დაარქივებულ
მონაცემებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირებს. ნიშანდობლივია, რომ
მონაცემთა დაარქივება ემსახურება სხვადასხვა პირის მხრიდან მონაცემებზე წვდომის
მინიმიზაციას, კერძოდ, eSchool-ზე დაშვების მქონე სხვადასხვა დაწესებულების
თანამშრომელთა იმ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვას, რომლებზე წვდომაც მათ
შესაძლოა არ ესაჭიროებოდეთ დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებისთვის.
ამდენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მიზანშეწონილად იქნა
მიჩნეული, საინფორმაციო სისტემამ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, შეზღუდულ
ვადებში შეაფასოს eSchool-ში დამუშავებული აქტიური სტატუსის არმქონე მოსწავლეთა მონაცემებზე სისტემის სხვადასხვა სუბიექტების თანამშრომელთა მხრიდან წვდომის
საჭიროება და იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ გააჩნიათ აღნიშნული საჭიროება,
შეუზღუდოს დასახელებულ მონაცემებზე დაშვება.


შემოწმების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ eSchool-ის სისტემის მუშაობისათვის
გამოყენებულ მონაცემთა ბაზასთან, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემიდან პირდა-
პირი წვდომის საშუალებით მონაცემების დამუშავების პროცესში არ აღირიცხებოდა
მონაცემების წარმატებული დათვალიერება, რაც არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, გიმნაზიის
საქმისმწარმოებლები და საინფორმაციო მენეჯერები eSchool-ში სარგებლობდნენ
საერთო მომხმარებლის ანგარიშებით. შემოწმების ფარგლებში კი არ დადასტურდა,
გიმნაზიის მიერ საინფორმაციო სისტემისთვის მიმართვა ყველა საქმისმწარმოებლისა
და საინფორმაციო მენეჯერისთვის eSchool-ში განპიროვნებული ანგარიშების შექმნის
თაობაზე, რაც ასევე კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს.
სამსახურის გადაწყვეტილება: საინფორმაციო სისტემა ცნობილ იქნა სამართალ-
დამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე
და 46-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა
ჯარიმა. ხოლო, გიმნაზია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ამავე კანონის 46-ე მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენაში. იმავდროულად, საინფორმაციო სისტემას და გიმნაზიას დაევალათ ზემო-
ხსენებული დარღვევების აღმოფხვრა.

მსგავსი გადაწყვეტილებები