. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2022-09-13
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განცხადების საფუძველზე, ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის მიერ განმცხადებლის პერსონალური მონაცემების სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე გამჟღავნების კანონიერება შეისწავლა.
განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე შეეხებოდა განმცხადებლის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას, რაზეც სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. დაცვის მხარემ (ერთ-ერთმა საადვოკატო ბიურომ), მისი მართვის ქვეშ არსებულ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე, განათავსა საქმესთან დაკავშირებული დეტალები. ამასთან, მართალია, განმცხადებლის სახელი და გვარი არ იყო სტატუსში მითითებული, თუმცა აღნიშნული იყო მისი ინიციალები, ასევე საქმესთან დაკავშირებული ისეთი დეტალები (მათ შორის, პროცესში მონაწილე მხარეებს შორის არსებული ნათელმირონობის შესახებ ინფორმაცია, ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია და სხვა), რომლებიც ერთობლიობაში იძლეოდა განმცხადებლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
განცხადების განხილვის ფარგლებში, საადვოკატო ბიურომ განმარტა, რომ მისი მხრიდან მონაცემების გასაჯაროება მოხდა დეპერსონალიზებული გზით, რამდენადაც ფართო მასებისთვის შეუძლებელი იყო სტატუსში მითითებული ინფორმაციის კონკრეტულ ფიზიკურ პირთან დაკავშირება და განმცხადებლის იდენტიფიცირება. მისივე განმარტებით, აღნიშნული სტატუსით განმცხადებლის პერსონალური მონაცემები შეცნობადი იქნებოდა მხოლოდ პირთა ვიწრო წრისთვის (მოწმეებისა და საქმეში ჩართული მხარეების ოჯახის წევრებისთვის), რომლებიც ისედაც ინფორმირებულნი იყვნენ საქმის იმაზე მეტი შინაარსობრივი დეტალის შესახებ, ვიდრე ეს გამჟღავნდა სტატუსის მეშვეობით. კომპანიამ დამატებით მიუთითა, რომ აღნიშნული მონაცემების გასაჯაროების მიზანი იყო გამართლებული პირის შელახული ღირსების აღდგენა და წარმოადგენდა მის მიმართ მიყენებული მძიმე მორალური ზიანის მარეაბილიტირებელ საშუალებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ საადვოკატო ბიუროს სტატუსი აღწერდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან და შესაბამისად, განმცხადებელთან დაკავშირებულ გარემოებებს, რაც ქმნიდა შესაძლებლობას, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მომხდარიყო მონაცემთა სუბიექტის პირდაპირი ან ირიბი იდენტიფიცირება. საადვოკატო ბიუროს მიერ გავრცელებული სტატუსის შინაარსი და სტატუსის კომენტარის სახით გაჟღერებული ინფორმაცია ფაქტობრივად გამორიცხავდა მონაცემების დეპერსონალიზაციას. შესაბამისად, ვერ იქნა გაზიარებული საადვოკატო ბიუროს პოზიცია, რომ მან არაიდენტიფიცირებადი ფორმით გაამჟღავნა განმცხადებლის მონაცემები, რადგან საადვოკატო ბიუროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის სიმრავლე და ის ფაქტი, რომ მის მიერ გასაჯაროებული ინიციალები ემთხვეოდა განმცხადებლის სახელსა და გვარს, იძლეოდა განმცხადებლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
ამდენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინდა, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე სტატუსის მეშვეობით განმცხადებლის მონაცემების გასაჯაროების პროცესში დარღვეული იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი პრინციპები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საადვოკატო ბიურო სამართალდამრღვევად იქნა მიჩნეული, ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.