date

2022-10-18

თანხმობა, როგორც მონაცემთა დამუშავების საფუძველი და თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, განცხადების საფუძველზე, აპლიკაცია „მობილურის ნომრების ბაზის“ მიერ განმცხადებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, აპლიკაციის მიერ მისი პერსონალური მონაცემების, კერძოდ, მობილური ტელეფონის ნომრის, სახელის და გვარის დამუშავება ხდებოდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან მისი მონაცემების დამუშავებაზე აპლიკაციისთვის არასდროს მიუცია ნებართვა. აპლიკაციის მფლობელი პირის განმარტებით, განმცხადებელი აპლიკაციაში დარეგისტრირდა 2019 წელს, რეგისტრაციის პროცესში გაეცნო შესაბამის ხელშეკრულებას და თანხმობა განაცხადა აპლიკაციის მიერ მისი მონაცემების დამუშავებაზე. ასევე, განმცხადებელთან გაფორმდა „ელექტრონული ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც მუშავდებოდა განმცხადებლის სახელი და გვარი. მისივე განმარტებით, ხელშეკრულების ზოგადი ფორმა განთავსებული იყო აპლიკაციის ვებგვერდზე.

განცხადების განხილვის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ დადგინდა, რომ ვებგვერდზე განთავსებული იყო მხოლოდ „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“, რომელიც არ შეიცავდა ინფორმაციას აპლიკაციის მიერ უშუალოდ იმ მომხმარებლის მონაცემების (სახელი, გვარი და მობილური ტელეფონის ნომერი) დამუშავებაზე, რომელიც აპლიკაციას უზიარებდა მის მობილურ ტელეფონში არსებულ კონტაქტებს. განცხადების განხილვის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ განმცხადებელმა თავად მიაწოდა აპლიკაციას მისი სატელეფონო ნომერი. აპლიკაციის მფლობელი პირის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი განმცხადებლის სახელის და გვარის აპლიკაციის მიერ დამუშავების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მოპოვების წყარო და სამართლებრივი საფუძველი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის სახელის და გვარის შესახებ ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლ(ებ)ის გარეშე დამუშავების გამო, აპლიკაციის მფლობელი პირი სამართალდამრღვევად იქნა მიჩნეული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და დაევალა აპლიკაციიდან განმცხადებლის მონაცემების წაშლა.

 

მსგავსი გადაწყვეტილებები